საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი ევროპის საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტების ხელმძღვანელების გამოგზავნილ წერილს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს პატიმრის ჯანმრთელობა და მისი ადეკვატური მკურნალობა.
შარლ მიშელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის წარმომადგენლები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, შეასრულონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკირსი ვალდებულებები.
წერილში ისინი აღნიშნავენ, რომ დააკვირდებიან მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების დაცვას და მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებას.
"საქართველოს ხელისუფლებას აქვს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს პატიმრის ჯანმრთელობა და, შესაბამისად, უზრუნველყოს ადეკვატური მკურნალობა. მოვუწოდებთ საქართველოს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები და სრულად დაიცვას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილი დროებითი ღონისძიებით დადგენილი მოთხოვნები.
მომავალში, ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს შემდგომი დეესკალაცია და ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად შეიტანონ ამაში წვლილი. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით თქვენი ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხს, ისევე, როგორც თქვენს მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებას.
გარდა ამისა, დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემა, რომელიც დაიცავს ეთიკისა და კეთილსინდისიერების უმაღლეს სტანდარტებს და მოაგვარებს იმ ნაკლოვანებებს, რისი მოწმენიც გავხდით ბოლო არჩევნებზე, არის არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ლეგიტიმური მოლოდინი, არამედ გადამწყვეტია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობისთვის და გამომდინარეობს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებებიდან.
საყოველთაო ჩართულობებით რეფორმების დროული გატარება და განხორციელება არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების და სახელმწიფოს მდგრადობის კუთხით რეალური პროგრესის საუკეთესო საშუალებად. ეს კი დაასრულებს მძიმე პოლარიზაციას, რომელიც ამჟამად აზიანებს ქართულ პოლიტიკურ სისტემას.